პროკურორ ამირან გულუაშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მასალებში არსებობს აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რომელშიც ბაჩალიაშვილი ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე საუბრობს.
როგორც პროკურორი ამბობს, მასალა ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს და ის "მძიმე მოსასმენია":
"საქმეში ნამდვილად მოიპოვება გარკვეული ვიდეო, ისევე როგორც აუდიომასალა. ვადასტურებთ, რომ ნამდვილად არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლით დასრულებაზე. ამგვარი მასალა საქმეში მოიპოვება. ზოგადად ის ვიდეო მასალა, რომელიც მოპოვებული იქნა მისი მობილური ტელეფონიდან და Youtube არხიდანაც, საკმაოდ მძიმე მოსასმენი და საყურებელია, რადგან ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობას ასახავს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქმეში არსებობს თამარ ბაჩალიაშვილის აუდიოჩანაწერი, როდესაც ის განიხილავს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულების შესაძლებლობას", - განაცხადა პროკურორმა.
დღეს, 18 სექტემბერს, პროკურატურამ განაცხადა, რომ პროგრამისტის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია უნდა გამხდარიყო.
ასევე, უწყების ცნობით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ადვოკატ რამიშვილის მიერ გავრცელებული სატელეტიდან გადაღებული ფოტოები ყალბია და ამას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.